საქართველოს პრეზიდენტრმა მიხეილ სააკაშვილმა სოხუმიდან ქართველი მეზღვაურების დაბრუნებაში გიორგი კარბელაშვილის განასკუთრებულ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ "კარბელაშვილის დახმარებით გამოვგლიჯეთ საოკუპაციო ხელისუფლებას ჩვენი მეზღვაურები".
"გიორგი კარბელაშვილის დახმარებით გამოვგლიჯეთ საოკუპაციო ხელისუფლებას ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც მძევლად ჰყავდათ აყვანილი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. კარბელაშვილმა ისინი სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული მეზღვაურების მსგავსად გამოიხსნა მაშინვე, როგორც კი ტროპიკული მალარიისგან განიკურნა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიორგი კარბელაშვილმა მოიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და იმუშავა ყველანარი არხით, ვიდრე შედეგი არ მიიღო.
"ის, რომ ჩვენ კარბელაშვილისნაირი სამოქალაქო მოსამსახურეები გვყავს, რომლებიც კბილებით ბოლომდე იბრძვიან თითოეული მოქალაქისთვის, ჩემთვის დიდი იმედის მომცემია. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი ტრადიცია ქართულ სამოქალაქო სამსახურში",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ენგურის ხიდის გავლით, ზუგდიდში გადმოვიდა ოთხი ქართველი მეზღვაური, რომლებიც თითქმის ერთ წლის განმავლობაში სოხუმის პორტში იმყოფებოდნენ.