ქალთა დაცვის შესახებ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება საქართველომ, შესაძლოა, შემოდგომაზე მოახერხოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალშვილმა „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის დამფუძნებელი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ბევრი კომპონენტი სჭირდება და ხანგრძლივი სამუშაოა ჩასატარებელი.
„კონვენცია ბევრ მუხლს მოიცავს, რომლის შემოწმება და მასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება უნდა მოხერხდეს. კონვენციაში ისეთი ნორმებია, რომლებიც არა მხოლოდ დეკლარირებას, არამედ რეალური შედეგების მიღებას უკავშირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა, კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები. ეს, მხოლოდ სექსუალური ძალადობისგან დაცვა არ არის. ნორმები ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ფიზიკურს ეხება, რომელიც სქესობრივი ნიშნის მოტივით არის მიყენებული. კონვენცია სახელმწიფოს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. დიდი წარმატება იქნება თუ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება შემოდგომისთვის შევძელით", - აღნიშნა კერვალიშვილმა.
საქართველოს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს; ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს; არასამთავრობო ორგანიზაციების; გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (Women); გაერო-ს ერთობლივი პროგრამა: „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" წარმომადგენლები.
კონვენცია სტამბოლში 2011 წლის 7 მაისს მიიღეს და მას ევროსაბჭოს ბევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.