ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას დამისამართების პროექტის ფარგლებში ინვენტარიზაციის შედეგად მოპოვებული მონაცემები, მტკვრის მარცხენა სანაპიროს დასრულებული არეალის ელექტრონული რუკა, სქემატური ნახაზები და გეომონაცემთა ბაზა გადაეცა...
დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა აღნიშნულ ინფორმაცია ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას გადასცა.
თბილისის დამისამართების პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ვაკე-საბურთალოს რაიონის ინვენტარიზაცია. აღიწერა ყველა ქუჩა, სახლი და ბინა; შეგროვდა ვაკე-საბურთალოს რაიონში არსებული ქუჩების შესახებ დეტალური ინფორმაციები: განისაზღვრა თითოეული ქუჩის დასაწყისი და დასასრული, აღიწერა არსებული ხეივნები, უსაფრთხოების ობიექტები, ხიდები თუ სკვერები, დადგინდა ქუჩების მიმართულება და სხვა სამუშაოები; შეგროვდა ინფორმაცია საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სახელმწიფო, სავაჭრო, ჯანდაცვის, საბანკო და სხვა ტიპის შენობებზე...
სამისამართო ბაზა შეივსო სხვადასხვა მონაცემებით - ქუჩის მიმართულება, დასახელება, შენობის შიგნით ფართობების დანიშნულება (ლოჯია, სარდაფი, აივანი, სხვენი, სადარბაზო, ლიფტის შახტი, ავტოფარეხი, საოფისე-კომერციული ფართი და ა.შ.) ყველა კონკრეტულ ბინას მიება ინფორმაცია კომუნალური მომსახურების აბონენტის ნომრის, მობინადრეების შესახებ და სხვ.
ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახლად შექმნილ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს. წელს სამოქალაქო რეესტრი სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხრა რეგიონში შეასრულებს, რაც საერთო ჯამში, 270 სოფლის ტიპის დასახლებას მოიცავს.
დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო და სამოქაალქო რეესტრების ბაზებში ასახული ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის ხელახლა აღება, რადგან შენახული იქნება საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ ბაზებში არსებული ძველი ინფორმაციაც და დაკორექტირებული მონაცემებიც.
ცნობისთვის, გამართული სამისამართო სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს. მსგავსი ფაქტები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახდელების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა, სახანძრო-სამაშველო სამსახურებს გაცილებით გაუმარტივდებათ კონკრეტული მისამართის ოპერატიულად მიგნება.
სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.