ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დიდი სიჩქარით მიმავალი მერსედესის მარკის „ჯიპი" გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.
შეჯახების შედეგად მანქანაში მსხდომი ოთხივე მგზავრი გარეთ გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი 25 წლის ალექსი შ-შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენების მდგომარეობა კი მძიმეა.
ორი მათგანი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი 10 წლის ბავშვიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.
„საავადმყოფოში 4 პაციენტი შემოიყვანეს, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის იყო 10 წლის ბავშვიც. ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის ექიმმა დავით ღონღაძემ.