ბულგარეთი და საქართველო ერთი მიმართულებით მიდიან. ამის შესახებ საქართველოშიი ვიზიტად მყოფმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბორისოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ბულგარეთის მხარდაჭერა, ყველაზე რთულ დროსაც კი. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფილიპ დიმიტროვი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელია.
"ჩვენ ვაშენებთ სწრაფ რკინიგზას, რომელიც დააკავშირებს ბულგარეთსა და თურქეთს, ევროპას - თურქეთისა და საქართველოს გავლით კასპიის ზღვასთან და აზიასთან. ასევე, ვაშენებთ გვირაბს ბოსფორის ქვეშ, რომელიც მალე დასრულდება. საგზაო ტრანსპორტის მხრივ, ვმუშაობთ ორი ავტომაგისტრალის დასრულებაზე. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ ტვირთმზიდ გემებს ეს ტურიზმს ძალიან წაადგება", - განაცხადა ბორისოვმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირრების შესაძლებლობებზე საქართველოდან ბულგარეთის მიმართულებით.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მე ვხედავ შესაძლებლობას გაზით მომარაგების დივერსიფიკაციაში. როგორც პრემიერისგან შევიტყვე, 15 ჰიდროელექტროსადგური შენდება და ჩვენ გადავწყვიტეთ გავმართოთ სამმხრივი შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან ამ წელს ბულგარეთში, რადგან გვაქვს პოტენციალი, რომ გავცვალოთ ელექტროენერგია, გავყიდოთ თურქული და ქართული ენერგია ბულგარეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა გავზარდოთ ელექტროენერგიის განვითარება და შევამციროთ დანაკარგი",- აღნიშნა ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა.