სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ცოდვის სიმძიმეზე ისაუბრა.
"რაც ადამიანი არსებობს, არსებობს ცოდვაც, მაგრამ ცოდვის განცდა აუცილებელია. იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც ვერ ხედავს და ვერ განიცდის თავის ცოდვებს, ძნელია. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს განცდა თვისთა ცოდვათა, რომ გავიგოთ ის, რაც არის ცოდვა. ცოდვა არის ისეთი ძალა, ისეთი ხორცმეტი, რომელიც ადამიანის სულიერებას კლავს", - აღნიშნა ილია მეორემ.
კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლის ყურადღება მიაპყრო ამპარტავნებასა და მრუშობას და აღნიშნა, რომ ამ ცოდვებს ადამიანის ჩვეულებრივ თვისებად მიიჩნევენ.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამპარტავნება - ეს ის ცოდვაა, რომელმაც ანგელოზი ეშმაკად აქცია და რომელმაც დაღუპა ადამიანი - ადამი და ევა და მთელი კაცობრიობა.
"ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრუშობა ჩვეულებრივ ადამიანის თვისებად ითვლება. ადრე სულ სხვა დამოკიდებულება იყო ცოდვისადმი. ძველ დროს ცოდვას ცოდვად მიიჩნევდნენ", - განაცხადა პატრიარქმა და დასძინა, - "ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს იმის, როცა ადამიანი ცოდვაში ვარდება და ვეღარ დგება. ბასილი დიდი ამბობს, მთავარი ის კი არ არის, რომ შენ ჩავარდი ცოდვაში, მთავარია, რომ შენ ამ ცოდვისგან აღდგე".