ხვალ, 2 აპრილს, 13.00 გორის სასამართლოში, თავისუფალი დემოკრატების გორის ორგანიზაციის წევრის გოდერძი მახარაშვილის შვილის ელგუჯა მახარშვილისა და მისი მეგობრების ჯაბა და აკაკი ელიშვილების პროცესი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეჩ-ენს" თავისუფალი დემოკრატების პრეს-სამსახურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრება.
ელგუჯა მახარაშვილი თავის ორ მეგობართან - აკაკი ელიაშვილთან და კავა ელიაშვილთან ერთად პოლიციამ 16 თებერვალს დააკავა. თავისუფალი დემოკრატები პოლიციის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობენ.
"გოდერძი მახარაშვილს ემუქრებოდნენ რომ თუ ის არ შეწყვეტდა პოლიტიკურ საქმიანობას, ეს იმოქმედებდა თავისივე ოჯახის წინააღმდეგ. სოფელ ნერეთში სადაც გოდერძი მახარაშვილი ცხოვრობს მივიდნენ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ შვილის დაკავებით. მოგვიანებით კი აღასრულეს ეს მუქარა. შვილი მის მეზობლებთან ერთად დააკავეს", - აცხადებს ალასანია.
შსს-ს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ "მიმდინარე წლის 16 თებერვალს სოფელ მერეთში მცხოვრებმა 1992 წ.დ. აკაკი კონსტანტინეს ძე ელიაშვილმა, 1990 წ.დ. ელგუჯა გოდერძის ძე მახარაშვილმა და 1991 წ.დ. ჯაბა ბეგლარის ძე ელიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრებ 1987 წ.დ. გიორგი გლახაშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახის და თავის არეში მიყენებული მძიმე ტრამვებით გადაყვანილი იქნა ქ.გორის სამხედრო ჰოსპიტალში".