სირიის სამთავრობო ჯარები სირიის ქალაქების დატოვებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე ქალაქებში "მშვიდობა და უსაფრთხოება. ეს განცხადება სირიის ხელისუფლებამ გააკეთა.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც გაეროს სამშვიდობო მისიამ სირიის ხელისუფლებას მოუწოდა "კეთილი ნების ნიშნად" არმია გაეყვანა.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ფორმალურად მიიღო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა, რომელიც მას გაეროს სპეცწარმომადგენელმა კოფი ანანმა შესთავაზა.
ამის მიუხედავად, სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის სირიაში ცეცხლი არ შეწყვეტილა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ შეტაკებების გამო 40 ადამიანი დაიღუპა.
"სირიის სამთავრობო არმიის ყოფნა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ემსახურება. როგორც კი მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს არმიას გავიყვანთ", _ განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამდივანმა ჯიჰად მაკდისმა.
სულ გაეროს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე ერთწლიანი დაპირისპირების შედეგად უკვე დაღუპულია 9 000 მდე ადამიანი.