აფხაზურმა მხარემ ქართველი მეზღვაურები ენგურის ხიდზე ქართულ მხარეს გადასცა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგგენელმა თორნიკე კილანავამ დაადასტურა.
"რამდნეიმე ხნის წინ აფხაზურმა მხარემ ქართველი მეზღვაურები ენგურის ხიდზე მოიყვანა და ქართულ მხარეს გადასცა", _ განაცხადა კილანავამ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის პორტში ქართველი მეზღვაურები 2011 წლის მაისიდან იმყოფებოდნენ. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია "STARTLET SHIPPING INС"- ის კუთვნილ, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ. მათი ოჯახების ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიაზე მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით შეიყვანეს.
მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით არაფერი არ მიუღიათ. ახლობლები მომხდარში დამსაქმებელს, ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებდნენ, თუმცა თავად ჩადუნელი აცხადებდა, რომ მეზღვაუები საქართველოში მალე დაბრუნდებიან და გასამრჯელოსაც მიიღებენ.
მიმდინარე წლის 2 თებერვალს გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც გემის კაპიტანმა დახმარება სთხოვა სოხუმში ჩავიდა. კაპიტანს უკან დასაბრუნებლად საწვავი, წყალი და სურსათი სჭირდებოდა. წარმომადგენელმა კაპიტანს თხოვნაზე უარი უთხრა.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ გემის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. აფხაზური მხარე ასევე იუწყებოდა, რომ სოხუმის პორტის ადმინისტრაციამ არაერთგზის გაუწია დახმარება სურსათითა და ფულით ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ასევე რამდენჯერმე მოხდა გემის საწვავით უზრუნველყოფაც.