შემოსავლების სამსახური მედია-გამოცემებთან გარკვეულ დათმობებზე მიდის და ელექტრონული ზედნადების ქონის ვალდებულება მათ მხოლოდ პირველად მიწოდებაზე დაევალდებულებათ. როგორც შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სოხაძე აცხადებს, ისინი მედია-გამოცემების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს დეტალური ინფორმაცია მათ წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე. ზურაბ სოხაძე ამბობს, რომ მათი პრეტენზიები საკმაოდ სამართლიანი და დასაბუთებული აღმოჩნდა და ამიტომაც შემოსავლების სამსახური "საგადასახადო კოდექსში" მორიგ ცვლილებებს გეგმავს, რომელიც პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
"რაც შეეხება პრესას, ჩვენ მედია გამოცემების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ის სისტემა, როდესაც შემოსავლების სამსახური ცდილობს გაამკაცროს ან მონიტორინგი აწარმოოს. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია. მათ გავრცელების საკმაოდ რთული სისტემა აქვთ და მათი მოთხოვნაც აბსოლიტურად რეალური იყო. მედია-გამოცემებს საკმაოდ გაურთულდებოდათ და ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ელექტრონული ზედნადები გავრცელდეს პირველადი მიწოდების ეტაპზე. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებები და კიდევ ერთხელ გავივლით მათთან კონსულტაციებს, შევთანხმდებით საბოლოო ტექსტზე და პარლამენტში შევალთ ინიციატივით, რათა ცვლილებები განხორციელდეს. რეალურად ჩვენ გვინდა კიდე ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ ელექტრონული ზედნადების თემა მოდიოდა ბიზნესისგან და ჩვენ არ გვინდა ბიზნეს ხელი შეეშალოს. სისტემა უნდა იყოს კომფორტული ყველასთვის"- აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ზურაბ სოხაძე.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი აპრილიდან ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო ხდება. შემოსავლების სამსახურმა ზედნადების ელექტრონული ფორმით გამოწერის შესაძლებლობა საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიზნით დანერგა. აღნიშნული სიახლით, შესაძლებელი გახდება საქონლის მოძრაობის სრული სიზუსტით აღრიცხვა. ელექტრონული ზედნადების შევსება სავალდებულოა საქონლის მიწოდების შემთხვევაში და ის სრულიად ჩაანაცვლებს ზედნადებს, რომელიც ქაღალდზე იწერებოდა. ამასთან, არ იცვლება პასუხისმგებლობის ნორმები და ცვლილებები შეეხება მხოლოდ შევსების ფორმას. დისტრიბუცია იქნება ვალდებული 48 საათის განმავლობაში დაუდასტუროს ამ საქონლის მიღება. ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსების შემდეგ ხდება მისი გააქტიურება ტრანსპორტირების დროის მითითებით. ამის შემდეგ ზედნადებს ენიჭება უნიკალური ნომერი. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საქონლის მიმღები პირის შესახებ მონაცემების შევსება და ელექტრონული ზედნადების დახურვა.