კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სოციალ- დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარეს გია ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა და გია ჟორჟოლიანმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. კოალიციისა და „სოციალ-დემოკრატიული" პარტიის განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის მიუხედავად, შეხვედრაზე მოხდა პრინციპული პოზიციების შეჯერება წინასაარჩევნო თანამშრომლობისათვის. ასევე გამოიკვეთა თანამშრომლობის ფორმატი მაჟორიტარებთან მიმართებით. კერძოდ, თუ „სოციალ-დემოკრატებს" ეყოლებათ რომელიმე საარჩევნო ოლქში ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატი, კოალიცია მას მხარს დაუჭერს არჩევნებში მთელი თავისი რესურსით.
შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა ორივე მხარემ. როგორც აღინიშნა, თანამშრომლობის ეს ფორმა არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი. საზოგადოებისათვის ნათელი გახდა, რომ ურთიერთგაგების შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პარტიასთან არაკოალიციური ფორმატით თანამშრომლობა შესაძლებელიც არის და სასარგებლოც.