ვათოპედიის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი ეფრემი ციხიდან გაათავისუფლეს და იგი თავის სამყოფელში დაბრუნდა. წინასწარი დაკავების პატიმრობაში მან სამი თვე გაატარა.
ვათოპედიის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი ეფრემი ათონის მთაზე პირდაპირ ციხე "კორიდალოსიდან" გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა. არმდენიმე ხნის წინ ათენის სააპელაციო სასამართლომ იღუმენისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მას შემდეგ, რაც გადახდილ იქნა გირაო და გააფორმეს ყველა აუცილებელი დოკუმენტი მამა ეფრემი პორტ იერისოში გაემგზავრა, რომელიც ათონის მთიდან 600 კილომეტრითაა დაცილებული. ამის შემდეგ კი კატერით ვათოპედიის მონასტრის ნაპირს მიადგა სადაც მას დაახლოებით 700 სასულიერო პირი და ბერი დახვდა. იღუმენს ძმები გალობითა და ანთებული სანთლებით შეეგებნენ.
შეკრებილებისადმი სიტყვით მიმართვისას მამა ეფრემმა განაცხადა: "მე წავედი 26 დეკემბერს წმინდა ღვთისმშობლის დღეს და კვლავ მის დღეს ვბრუნდები და მთელი ამ დროის განმავლობაში, პატიმრობაში, როდესაც მე წმინდა ღვთისმშობლის სახელს ვახსენებდი ვიღებდი ძალას, რომელიც მე მჭიდებოდა".
არქიმანდრიტმა ეფრემმა განაცხადა, რომ თანამოსაკნეები მას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ. ამავე დროს მისივე თქმით, მთელი იმ დროის განმავლობაში ვიდრე ის ციხეში იმყოფებოდა ეზიარებოდა თითქმის ყველა მის გარშემო და ასევე ციხის პერსონალიც.
"ერმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა გათავისუფლებამდე რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ მე გამათავისუფლებდნენ. როდესაც ვკითხე თუ საიდან იცოდა მან ეს, მან მიპასუხა, რომ სიზმარი ნახა, მოვიდა ციხეში და აქ ვერავინ იპოვა, მან ქალი შეხვდა მუქი ტანისამოსით მოსილი, რომელმაც უთხრა: "ნუ ეძებ აქ ბერ ეფრემს, ის ჩემს სახლშია, ვათოპედიაში", _ უამბო იღუმენმა შეკრებილებს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის დეკემბერში საბერძნეთის სასამართლომ მამა ეფრემის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი ჯერ კიდვე 2008 წელს ინიცირებული გამოძიება იყო, რომელიც ვათოპედსა და საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებთან იყო დაკავშირებული.