დღეს, 31 მარტს, 15:00 საათზე,თბილისის ექვს მოედანზე ერთდროულად სამოქალაქო სოლიდარობის ექვსი ჯაჭვი შეიკვრება. აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო პოზიციისა და სოლიდარობის გამოხატვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან 6 საკითხთან დაკავშირებით - ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული მემკვიდრეობა.
სამოქალაქო სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები თანამოქალაქეებს საკუთარი პოზიციისა და მოთხოვნების აქტიური გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
სამოქალაქო სოლიდარობის აქცია გაიმართება თბილისის მოედნებზე - სააკაძის მოედანზე - ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით; მარჯანიშვილის მოედანზე - გარემოს დაცვის მოთხოვნით; ავლაბრის მოედანზე - თავისუფალი მედიის მოთხოვნით; ვაკის პარკთან მდებარე მოედანზე - განათლების უფლების დაცვის მოთხოვნით; მრგვალ ბაღში - სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით; თავისუფლების მოედანზე - მოთხოვნით - გაამაგრე გუდიაშვილი - დაიცავი კულტურული მემკვიდრეობა.
გუდიაშვილის მოედნისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ერთიანი სოლიდარული პოზიციის გამოსახატად, აქცია 17:00 საათზე, გუდიაშვილის მოედანზე შეკრებით დასრულდება.
აქციის ორგანიზატორები არიან - "მედია კლუბი" და "ტფილისის ჰამქარი", ხოლო თანაორგანიზატორები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, "მწვანე ალტერნატივა", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კამპანია - "ეს შენ გეხება" და სხვები.