"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
"საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგების გაყალბება და კონკრეტული მიზნისთვის გამოყენება საქართველოს რეალობაში ახალი არაა. ამ მიზნით ხელისუფლება უზარმაზარ ფინანსურ რესურს ხარჯავს. კვლევის დაწყების წინ განსაზღვრულია მიზანი და საბოლოო შედეგი. სამწუხაროა, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენებას ადგილი ჰქონდა ინტერნეტგვერდ Live.ge-ზედაც. 6 მარტს დასმულ კითხვაზე "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ საარჩევნო სუბიექტს დაუჭერდით მხარს?" - სავარაუდო პასუხებში "დემოკრატიული მოძრაობა" მითითებული არ იყო. აქედან გამომდინარე, პარტიის მხარდამჭერებს საშუალება არ ჰქონიათ, მისთვის ხმა მიეცათ. მარტის ბოლოს, როდესაც გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, ჩვენთვის მოულოდნელად სავარაუდო პასუხებში გამოჩნდა "დემოკრატიული მოძრაობაც", შესაბამისი, ლოგიკური ნულოვანი შედეგით", - აღნიშნულია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები სვამენ კითხვას, - "საქმე გვაქვს ელემენტარულ უპასუხისმგებლობასთან თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაციის წინასწარ განზრახულ მცდელობასთან?"
"იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ფაქტები ხშირია, ვიტოვებთ უფლებას, შესაბამისი გამოკითხვის ტენდენციურობაზე და ელემენტარულ თაღლითობაზე გავაკეთოთ აქცენტი", - აცხადებენ ისინი.