საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობას განაგრძობს. ფინანსთა მინისტრმა და საქართველოში ვიზიტით მყოფი IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ტომაშ ტელმა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე პორტფელი განიხილეს, რომლის მოცულობა ამჟამად 369 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
"IFC მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მანდატი პირდაპირ უკავშირდება კერძო სექტორის განვითარებას, შესაბამისად, თანამშრომლობა ამ ინსტიტუტთან ჩვენთვის აქტუალურია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პრიორიტეტული მიმართულებებიდან გამოვყოფდი საბანკო და სამრეწველო სექტორის განვითარებას, სოფლის მეურნეობას და ტურიზმს, ტელეკომუნიკაციებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, კერძო სექტორის მხარდაჭერას. ყველა ეს პრიორიტეტი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებასთან. შესაბამისად, შეხვედრაზე გავნიხილეთ თანამშრომლობა, რომელიც დღეს გვაქვს და ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე შემდგომი 2-3 წლის განმავლობაში," - განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.
"შეხვედრის მთავარი მიზანია, ფინანსთა მინისტრთან ერთად საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობის განხილვა. თქვენს ქვეყანასთან ჩვენი პორტფელი თითქმის 400 მლნ აშშ დოლარს აღწევს. IFC-ი საქართველოსთან საკონსულტაციო კუთხითაც თანამშრომლობს, მათ შორის, საგადასახადო და სურსათის უვნებლობის კუთხით. ვიმედოვნებ, პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ტომაშ ტელმამ.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში IFC-ის მიერ ინვესტიციები განხორციელდა კერძო ბიზნესის, საბანკო, მრეწველობის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ნავთობისა და სხვა სექტორების მხარადასაჭერად. შეხვედრისას ისაუბრეს IFC-ის შესაძლო ახალ ინვესტიციებზე საქართველოში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია IFC-ის ინვესტიციები კერძო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. IFC-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მიზანია, დაეხმაროს კერძო კომპანიებს და კომერციულ ბანკებს, განავითარონ თავიანთი საქმიანობა, გაზარდონ კონკურენტუნარიანობა და დანერგონ ახალი ტექნოლოგიები. IFC-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოში უცხოური ინვესტიციების წახალისების მხრივაც. ქვეყნაში კერძო ბიზნესის გაფართოება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და დამატებითი სამუშაო ადილების შექმნას.
საქართველო IFC-თან თანამშრომოლობს 1995 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში IFC-ის მიერ ჯამურად გამოყოფილია 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოში მოქმედი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მხარდასაჭერად.