"ბიზნესს ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვის უფლების ალტერნატივის საშუალება უნდა ჰქონდეს",- ასეთ კომენტარს აკეთებენ ბიზნესის წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურისთვის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ თავად ინიციატივა დადებითია, თუმცა ბიზნესს ალტერნატივის საშუალება უნდა ჰქონდეს და თავად გადაწყვიტოს, ქონების შეფასებას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი განახორციელებს თუ მათ მიერ შერჩეული აუდიტი.
მათი განმარტებით, უნდა არსებობდეს მეორე ვარიანტი: თუ ბიზნესი შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული აუდიტორული დასკვნით უკმაყოფილო დარჩება, მაშინ ბიზნესს საშუალება უნდა მიეცეს, ქონების შეფასება ორი მხარისთვის სანდო აუდიტორს მიანდოს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციაში განუცხადეს, აქამდე ქონების შეფასების პროცედურა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრეროგატივა იყო, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბიზნესი ქონების შეფასების დასკვნით უკმაყოფილო იყო, რადგანაც ქონების განსაზღვრა ხშირად არასაბაზრო ფასით ხდებოდა.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქონების საფასურის განსაზღვრა შემოსავლების სამსახურის მიერ გარკვეული საერთაშორისო ტრანდატების მიხედვით უნდა ხდებოდეს. ის, რომ ქონების შეფასებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს, ცუდი არაა, რადგანაც ამით ბიზნესი გარკვეულ თანხას დაზოგავს, თუმცა კერძო სექტორს მაინც ალტერნატივის საშუალება უნდა მიეცეს.
ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ შემოსავლების სამსახური არის დაინტერესებული მხარე და ის ქონების შეფასებას არ უნდა ახდენდეს.
"ვფიქრობ, ეს არის ბიზნესისთვის მიღებელი, რადგან შემოასავლების სამსახური არის გადასახადების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახური და ასეთი ცვლილების შემთხვევაში ის გამოდის, როგორც დაინტერესებული მხარე. უწყება, რომელიც აკონტროლებს ბიზნესს, არ უნდა აფასებდეს ბიზნესის საბაზრო ღირებულებას, ეს დამოუკიდებელმა აუდიტორულმა და საშემფასებლო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ", - აცხადებს ლექვინაძე.
ფინანსთა სამინისტროში კი ფიქრობენ, რომ ბიზნესს უნდობლობის საბაბი არ მიეცემა, რადგანაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ფლობს შესაბამის კვალიფიკაციას, რათა პროცესი კარგად და სწორად წარმართოს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანებულების მიხედვით, შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას, ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვის უფლება მიეცა.