"დემოკრატიული მოძრაობა " სახალხო დაცველის ანგარიშს ეხმიანება. პარტიის მთავარი საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშში, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ძალიან ბევრ პრობლემაზეა ყურადღება გამახვილებული, თუმცა, რეალურ პრობლემებთან შედარებით, ისინი ნაკლებად მტკივნეულია და შთაბეჭდილება რჩება, რომ ანგარიში ხელისუფლების მიმართ ლოიალურია.
"სახალხო დამცველის საქმიანობა 26 მაისის შემდგომ დღეებში იყო ქმედითი და მან დიდი დახმარება გაუწია „სახალხო კრების", „დემოკრატიულ მოძრაობის"აქტივისტებს და ხელისუფლებისაგან უსამართლოდ დაზარალებულ სხვა მოქალაქეებს. ომბუდსმენის ადექვატური და ოპერატიული ქმედებების შემდეგ უცნაურია, რომ მისი 2011 წლის ანგარიშში წარმოდგენილი 26 მაისის მოვლენების ანალიზი სრულყოფილად არ ასახავს იმ ობიექტურ რეალობას რომლის მოწმეც ის თავადაც იყო. ანგარიშში არ არის აღნიშნული, რომ 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაციას ადამიანების სიკვდილი და პოლიტიკური ნიშნით ასობით ადამიანის უკანონო დაპატიმრება მოჰყვა, რომელთაგან დღემდე საპატიმროებში 42 ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით უკანონოდ იხდის სასჯელს", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულილა, რომ ანგარიშში ხელისუფლება არ არის დადანაშაულებული იმ მასშტაბით, რა პასუხისმგებლობაც მას 26 მაისის და შემდგომ მოვლენებზე ეკისრება.
"არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ეს იყო არა მიტინგის დაშლა, არამედ იყო თვალნათელი სადამსჯელო ოპერაცია მოსახლეობაში შიშის დათესვის მიზნით, რის შესახებაც პირდაპირ საუბრობს გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაენა კიაი საკუთარ წინასწარ ანგარიშში.
ასევე არაფერია ნათქვამი ხელისუფლების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის მუდმივ დარღვევებზე და ცილისწამემებზე, მათ შორის ისეთ უმძიმეს მორალურ, პოლიტიკურ და სისხლის სამართლის დანაშაულზე, როგორიცაა სამშობლოს ღალატის ბრალდება.
ხელისუფლებამ სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორების და ბიუჯეტის შესავსებ ნოტარიალურ ორგანოდ აქცია, ანგარიშში კი - აღნიშნულის თაობაზე საერთოდ არაფერია ნათქვამი", - ნათქვამია გაბცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად ამკაცრებს ტერორსა და ზეწოლას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და მოუწოდებს სახალხო დამცველს და ქვეყანაში მოქმედ ყველა უფლებადაცვით ორგანიზაციას, რომ ადექვატური რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების ზღვარგადასულ უკანონო ქმედებებზე.