თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველის თანამდებობიდან დუტა სხირტლაძის გათავისუფლების მოთხოვნით, თეატრის მსახიობები და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე დღეში აქციების დაწყებას გეგმავენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ლოზუნგი, რომლითაც მსახიობები საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ, თელავის თეატრის ყოფილ სცენარისტს ბაადურ ბალარჯიშვილს ეკუთვნის, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. დუტას კარიკატურა კი, რომლის თავდაყირა გაკვრასაც თეატრის შესასვლელში გეგმავენ, ბესიკ დუღაშვილს ეკუთვნის.
"ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებია, იქნებ, როგორმე თეატრის გადარჩენა შევძლოთ, ვაპირებთ, რომ თეატრის შესასვლელში დავსხდეთ და ვიდრე მაგას აქედან არ მოაშორებენ, პროტესტი არ შევწყვიტოთ", - განუცხადეს თეატრის მსახიობებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რამდენიმე თვეა თელავის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლი არ დაუდგამთ. თეატრს არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი, გათიშულია ტელეფონი და ინტერნეტი.
თელავის თეატრის დასის წევრებსა და დუტა სხირტლაძეს შორის დაპირისპირება უკვე ერთი წელია გრძელდება. მსახიობების თქმით, 2011 წლის 22 მარტს, თეატრის დასის შეკრებაზე, თეატრის მმართველის დუტა სხირტლაძის გინების შემდეგ, მსახიობი ავთანდილ გულიაშვილი, რომელიც ავად იყო, დარბაზში გარდაიცვალა, თეატრის რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე და მსახიობი ვანო იანტბელიძე კი ავად გახდნენ. ჩაკვეტაძეს სამედიცინო დახმარება თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოუჩინეს. დუტა სხირტლაძე მასთან დაპირისპირების გამო თეატრის მთავარ რეჟისორს გოგი ჩაკვეტაძეს გათავისუფლებითაც დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და ჩაკვეტაძის გათავისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადება ემოციურობით ახსნა.