შს მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის განცხადებით, სამართალდამცავ სტრუქტურებში დაუსჯელობის სინდრომი არ არსებობს. ამის შესახებ მან პარლამენტში დღეს გამართულ სამთავრობო საათზე განაცხადა.
ზღულაძის თქმით, შარშან უწყების გენერალურმა ინსპექციამ, სხვადსხვა ტიპის გადაცდენისთვის, 1093 პოლიციელის პასუხისმგებლობა დააყენა. მისი თქმით, დარღვევების ნაწილი სამინისტროს, ნაწილი კი პრესისა და არასამთავროების მიერ გამოვლინდა.
მისი თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებში არ არსებობს დაუსჯელობის სინდრომი, რადგან თითოეული პოლიციელი კარგად აცნობიერებს, რომ მისი ერთადერთი ფინქციაა ემსახუროს საქართველოს მოქალაქეების და მისი სტუმრების უსაფრთხოებას.
"საქართველოს პოლიციის რეფორმა შედგა არა იმიტომ, რომ ახალი შენობები ავაშენეთ, ხელფასებმა იმატა და პოლიცია აღარ არის კორუმპირებული, არამედ რეალიურად რეფორმა შედგა იმიტომ, რომ საზოგადოებამ გვიკარნახა საზოგადოებისა და პოლიციელების ურთიერთპატივისცემის შესახებ. ეს მიღწევა დიდი მონაპოვარია და მისი შენარჩუნება სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ზღულაძემ და დასძინა, რომ ერთდაერთი, რაც ხანდახან ძნელი განსამარტია ხოლმე, რიგითი პოლიციელისთვის თუ მოქალაქისთვის, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურად ანგაჟირების მცდელობაა.