ბათუმმა საქართველოს, უკრაინის, ლიტვის რესპუბლიკის, მოლდოვას რესპუბლიკისა და ბელარუსის რესპუბლიკის ტრანსპორტის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრა უმაპინძლა.
შეხვედრაზე განხილეს ბალტიის ზღვა - შავი ზღვის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ შეთანხმების (პროექტი "VIKING") რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. მონაწილეებმა მიიღეს შეხვედრის ოქმი, რომელშიც აისახა მხარეთა მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია; უკრაინის დელეგაციას - ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბორის კოლესნიკოვი; ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციას - ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი, ელიგუს მასულისი; მოლდოვას რესპუბლიკის დელეგაციას - ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მინისტრი, ანატოლი შალარუ; ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციას - ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე შიშკო.
პროექტი "VIKING"-ის ძირითად მიზანს წარმოადგენს ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის და უკუმიმართულებით, სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის ტარიფების ფორმირება, საბაჟო პროცედურების გამარტივება/უნიფიცირება, გადაზიდვების დროის შემცირება, პროექტის მონაწილეთა სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურების საერთაშორისო ბაზარზე შეღწევის ხელშეწყობა და სხვა.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 15 მარტს, კიევში, საქართველო მიუერთდა აღნიშნულ შეთანხმებას. VIKING-ის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას და დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრები თავის კოლეგებთან. ორმხრივი შეხვედრებისას განიხილეს ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.