ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: იმდენი საიდუმლოებაა NDI-ის კვლევაში, შედეგების რეალურობაზე სერიოზულად ლაპარაკი ძნელია

რესპოდენტის შესახებ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევების პოლიტიკურმა ნაწილმა, რომელიც საზოგადებას არა NDI -მ, არამედ პოლიტიკურმა პარტიებმა ცალკეული მედიასაშუალებების მიმართ გამოხატული სიმპატიების რეჟიმში გააცნეს, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთი ნაწილისთვის კვლევის შედეგები აბსოლუტურად მისაღები და დამაჯერებელი აღმოჩნდა, სხვებმა კი მორიგჯერ გამოხატეს უნდობლობა ასეთი სახის კვლევების მიმართ. საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების მეთოდიკაც არ მოსწონთ. და მაინც, რამდენად დამაჯერებელია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა და იქონიებს თუ არა კვლევის შედეგები ამომრჩეველზე გავლენას, ამ საკითხებზე ,,ჯი-ეიჩ-ენი" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებთ NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას?

- იმდენი საიდუმლოებაა თვითონ კვლევაში, ძნელია იმაზე სერიოზულად ლაპარაკი რამდენად რეალურია ეს შედეგები. ადამიანმა რომ დაითვალოს თითოეულ კითხვაზე პასუხი საერთო ჯამით ასი არ დგება. გამოქვეყნებული პასუხები აღწევს ორმოცდაათამდე, ზოგი მაქსიმუმ სამოცამდე, დანარჩენი 30-40% ეტყობა არიან ისინი, ვინც თავი აარიდა პასუხს და უთხრა: არ ვიცი, ან არ გადამიწყვეტია და ა.შ. გამოკითხვაში, როდესაც პასუხს თავს არიდებს ამხელა მაჩვენებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩატარებული გამოკითხვა ხარვეზიანია და მისი მონაცემებიც სანდო არ არის. მითუმეტეს, გაუგებარია თვითონ მონაცემები და ასეთი ბევრი ავადმყოფობაა კვლევაში, გაუგებარია კითხვებიც. ანუ კითხვები ისეა აწყობილი, რომ იმ შედეგს მიიღებდნენ, რაც მიიღეს. მაგალითად, როცა გამოკითხულებს ეკითხებიან მხოლოდ იმას, ოპოზიციიდან რომელი კანდიდატი მოსწონთ და არ ეკითხებიან უმრავლესობიდან ვინ მოსწონთ ეს ნიშნავს, რომ პასუხს მიიღებს, როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისგან, ასევე სახელისუფლებო მოსახლეობისგან. ხელისუფლების მომხრეებს კი მოეწონებათ სუსტი ოპოზიცია, ამიტომ მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო. თურმე ინგა გრიგოლია და გიორგი თარგამაძეა ყველაზე მოწონებადი.

- რას ფიქრობთ, რატომაა ამდენი ხარვეზი კვლევაში, ეს შეგნებულად ხდება NDI-ის ხელმძღვანელობისგან?

- ეს ლაპარაკი ხომ პირველი არაა, მაგრამ ისინი თავს არ იწუხებენ უფრო სერიოზული კვალი დატოვონ ამ სოციოლოგიურ გამოკითხვებში. შეთავაზება იყო იაგო კაჭკაჭიშვილის მხრიდან, რომ თქვენ ჩემი მონაცემები გადაამოწმეთ და მე თქვენ კვლევას გადავამოწმებ, ან ერთდროულად ჩავატარაოთ კვლევა, რადგან არ იყოს ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება მთლიანად სოციოლოგიის მისამართით, მაგრამ შედეგი არანაირი. მხარეს, თუ არ უნდა თანამშრომლობა ე.ი. ის რაღაცას ეშმაკობს და ამიტომ არ უნდა სხვა თავის სამზარეულოში ჩაახედოს.

- როგორ ფიქრობთ, პარტიულ რეიტინგები რამდენად ემთხვევა ხალხის განწყობას?

- რეალურად, ხალხის განწყობა ისევ რაღაცით უნდა გაზომო. ამიტომ აუცილებელია, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პარალელური კვლევები. შესაბამისად ერთ კვლევაზე ჩამოკიდება არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა ამ მკვლევარების პოლიტიკური პატიოსნება, ამ შემთხვევაში უშუალოდ ვგულისხმობ NDI-ის ხელმძღვანელობას და არა იმას ვინც ეს სამუშაო შეასრულა, ეჭვის ქვეშ დგება, ამიტომ არის დასაფინანსებელი და გასაკეთებელი პარალელური სამუშაოები, რადგან საზოგადოებას აინტერესებს რეალური მაჩვენებლები.

- ოპოზიციური სპექტრი NDI-ის კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს, როგორია ამ კუთხით, თქვენი დამოკიდებულება?

- ფაქტობრივად, აქამდე რასაც ვლაპარაკობდი, რეალურად სწორედ მაგ აზრის გაგრძელებაა. ვამბობ იმას რომ შეგნებულად არის შედგენილი კითხვარიც და შედეგებიც.

- რას ფიქრობთ, გამოქვეყნებული შედეგები იქონიებს, თუ არა ელექტორატზე გავლენას?

- გავლენას აუცილებლად მოახდენს, ეს ტყუილად არ კეთდება. მაშინაც კი როცა პარალელურად მოჰყვება შეფასებები, რომ ეს შედეგები სანდო არ არის და ა.შ. მიუხედავად ამისა, დიდი ნაწილის ცნობიერებაში დაილექება, რომ ივანიშვილი, რომელსაც ამხელა რეიტინგი აქვს, მხოლოდ მოსახლეობის 10% უჭერს მხარს.

- NDI-ის ხელმძღვანელობას რამდენჯერმე მოუწია "საჯარო კორექტირების" გაკეთება გამოქვეყნებულ რეიტინგებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად NDI-ის არც გამოუქვეყნებია ეს რეიტინგები და მხოლოს პარტიებს გააცნო, პარტიებმა კი მათთვის სასურველ მედიასაშუალებებს მიაწოდეს. ხომ არ აჯობებდა, თუნდაც დამაჯერებლობისთვის, ეს ნაწილიც საჯაროდ გაეცნოთ საზოგადოებისთვის?

- NDI-ის ინტერესებში არ არის დადოს ისეთი შედეგი, რომ მთლად არადამაჯერებელი იყოს. ივანიშვილის გუნდს უფრო მეტი ყურადღება მართებს. დაბალი რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა, დიდად დაუჯერებელი მოსახლეობისთვის არ აღმოჩნდა და რატომ? იმიტომ, რომ პასიურია, კოალიცია ,,ქართული ოცნება". ამიტომ თუ ვინმე არჩევნების შედეგების გაყალბებას ეცდება, ეცდება ისე გააყალბოს, რომ ქართული ოპოზიცია, ამას წინ არ აღუდგეს. ძალიან აქტიური, რომ ყოფილიყო ,,ქართული ოცნება" მაშინ 10%-მდე რეიტინგის ჩამოტანას ვერ გაბედავდნენ.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

 

 

 

ავტორი: . .