ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახა მიქაიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიქაიას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მიქაიას ადვოკატმა გიორგი სამუშიამ სასამართლოს უამბო იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიეცა ადვოკატთან შეხვედრის უფლება. ის ორი საათის განმავლობაში ითხოვდა მიქაიასთან შეხვედრას, მაგრამ პოლიციის სამმართველოში დაკითხვის ოქმი ადვოკატის გარეშე შედგა. ვინაიდან ადვოკატი არ იცნობს საქმეს, მან ითხოვა გონივრული ვადა საქმის გასაცნობად. ადვოკატმა ასევე მოითხოვა 11 მოწმის დაკითხვა და მოსამართლის აცილება, თუმცა მოსამართლე ლაურა მიქავამ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა პოლიციის თანამშრომლის გოგიტა ქობალიას მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა. ქობალიას განცხადებით, მიქაიამ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ამ ტერიტორიაზე მას სხვა პირები არ შეუნიშნავს.
მიქაიამ განაცხადა, რომ ის სასამართლოს წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, როცა მას პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ, იდგა თეა წულუკიანის გვერდით და ხელში ეჭირა მეგაფონი. დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიქაიას თქმით, მას პოლიციის სამმართველოში უწყების უფროსმა ლევან ქირიამ უთხრა, რატომ გეგმავდა მიქაია ქვეყნის გადატრიალებას და რუსეთის გეგმების განხორციელებას. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიქაიას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლოს დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი სამუშიამ და "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა მიქაიას "პოლიტიკური პატიმარი" უწოდეს.