"საქართველოს პრეზიდენტმა სეულის სამიტზე გამოსვლისას, აქცენტი ბირთვული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე გააკეთა", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
"მიხეილ სააკაშვილმა მთავარი აქცენტი ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებელი მოგვარების აუცილებლობაზე გააკეთა. ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მხარეებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის თქმით, სამიტზე პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ საფრთხეებზედაც ისაუბრა.
"აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე საფრთხეები რეალურია და სახიფათოა. ისაუბრა და აღნიშნა იმ საშიშროების შესახებ, რომელიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორების არ არსებობის გამო დგას და ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების, უფრო აქტიური ამოქმედებისკენ მოუწოდა",_ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ.