მოსკოვი მიიჩნევს, რომ "სირიის მეგობართა ჯგუფი" არა დიალოგის დაწყებით, არამედ გარედან ჩარევისთვის ნიადაგის მომზადებითაა დაკავებული. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ასეთ ღონისძიებას, სამწუხაროდ, ცალმხრივი პოლიტიკური მიმართულება აქვს. მისი მონაწილეები დიალოგის დასაწყებად გზებს კი არ ეძებენ იმისათვის, რათა კონფლიქტი დასრულდეს, არამედ გარედან ჩარევისთვის ნიადაგს ამზადებენ", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისი თქმით, მოსკოვი სტამბულში 1-ელ აპრილს დაგეგმილ "სირიის მეგობართა ჯგუფის" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ეს პირველი შეხვედრა როდია, რომელიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის. პირველი შეხვედრა 24 თებერვალს ტუნისში გაიმართა და ამ მეორე შეხვედრაში მონაწილეობისგანაც ჩვენ თავს შევიკავებთ", _ აცხადებს ლუკაშევიჩი და აღნიშნავს, რომ "ნაკლებსავარაუდოა, იქიდან წამოვიდეს რაიმე სიგნალი სირიის ოპოზიციის მიმართ იმის შესახებ, რომ მათ ცეცხლი შეწყვიტონ".