,ქრისტიან-დემოკრატების,, ერთერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდებს
როგორც ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება თიზ-ებში დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებს.
მისი თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები დასაქმების საუკეთესო საშუალებაა, თუმცა არ არსებობს სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია ამჯამად დასაქმებული თიზ-ებში.
ვეფხვაძის განმარტებით, ქართული კანონმდებლობის თანახმად, თიზ-ში დასაქმებული ადამიანები საშემოსავლო გადასახადს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იხდიან, შესაბამისად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საწარმოს გამხსნელ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ურჩევნია, რადგან ის გადასახადებს მის ქვეყანაში იხდის.
"ეს არის დისკრიმინაცია, რასაც მთავრობა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ახორციელებს,, - განაცხადა ვეფხვაძემ და ხელისუფლებას კანონმდებლობის შეცვლისაკენ მოუწოდა.
აღნიშნულ განცხადებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ტავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი გამოექმაურა. მისი თქმით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლებიც კიდევ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.