ამერიკული არმიის სერჟანტის რობერტ ბეილსის მიერ დახვრეტილ 16 მშვიდობიან ავღანელს შორის ერთი დაუბადებელი ბავშვი იყო, რომელიც ამერიკული სამხედრო სამართლის მიხედვით მე-17 მსხვერპლად ითვლება. წერს "New York Times"-ი.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მარტს სერჟანტი რობერტ ბეილსი თავისი ბაზიდან გამოვიდა და მეზობლად მდებარე სოფლისკენ წავიდა. იგი ადგილობრივი მცხოვრებლების სახლებში იჭრებოდა და მათ მძინარეებს ხვრეტდა. ამის შემდეგ ამერიკელი ბაზაზე დაბრუნდა, შემდეგ დატოვა ბაზა და სხვა სოფელში ჩაიდინა მკვლელობები. სერჟანტი მაშინ დააკავეს, როდესაც იგი უკვე მეორედ დაბრუნდა სამხედრო ბაზაზე.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის სერჟანტ რობერტ ბეილსის მსხვერპლი 16 მშვიდობიანი ავღანელი გახდა, მათ შორის 9 ბავშვი და 3 ქალი. მცირე ხნის წინ კი მას ბრალად 17 ადამიანის მკვლელობა წაუყენეს.
"ერთ-ერთი მოკლული ქალი ორსულად იყო. ამიტომაც საუბრობენ ისინი, რომ მსხვერპლი 17 იყო და არა 16", _ აცხადებს "New York Times"-თან საუბარში ყანდაღარის პოლიციის უფროსი აბდულა რაზაკა, თუმცა რამდენი თვის ორსული იყო მოკლული ქალი, არ აკონკრეტებს.
თუმცა რამდენიმე ავღანელი ჩინოვნიკი ამტკიცებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა 16 იყო.
გაზეთის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო სამართლის მიხედვით, დაუბადებელი ბავშვი მსხვერპლად ითვლება, იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა მკვლელმა იმის შესახებ, რომ მისი მსხვერპლი ორსულად იყო და მიუხედავად იმისა, გამიზნულად სურდა თუ არა მას ნაყოფის მოკვლა.
მცირე ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერჟანტ ბეილსის მიერ დახოცილი ადამიანების ოჯახებმა ამერიკელი სამხედროებიდან ფულადი კომპენსაცია მიიღეს. ეს ოფიციალური პენტაგონის პოლიტიკის მიუხედავად განხორციელა, რომლის მიხედვითაც, არც მსხვერპლის და არც ზარალის ანაზღაურება არ ხდება საბრძოლო მოქმედებების წარმოების დროს.
მიუხედავად ამისა, თითოეული მოკლული ავღანელისთვის მათმა ოჯახებმა დაახლოებით 50 ათასი აშშ დოლარი მიიღეს, დაჭრილი 6 ადამიანის ოჯახებმა კი - 11-11 ათასი.
როდის გაიმართება სერჟანტის სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ, რომ იგი უკვე აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ციხეში იმყოფება. თუმცა უკვე ასევე ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სერჟანტს ბრალდებულად აღიარებს, მას სასჯელის უმაღლესი ზომა ემუქრება.