"დემოკრატიული მოძრაობა" სერგო ჩაჩიბაიას დაპატიმრების ფაქტს ეხმიანება. პარტიის მთავარი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, პარტია აღნიშნავს, რომ ბრალდება, რომლითაც ეს ადამიანი ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა უკვე კარგადაა აპრობირებული „სახალხო კრებისა" და „დემოკრატიული მოძრაობის" უკანონოდ დაპატიმრებულ წევრებზე. ჩვენი პოლიტპატიმრების უმრავლესობა სწორედ ამ მუხლით იხდის უკანონოდ სასჯელს და დიდი ეჭვია, რომ მათ მსგავსად, სერგო ჩაჩიბაიას შემთხვევაშიც პოლიციისათვის არანაირ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია და ის სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო არის დაპატიმრებული.
"„დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დღევანდელი ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერებს ტერორსა და ზეწოლას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა, მათი წევრებისა და საერთოდ განსხვავებული აზრის მქონე ჩვენი მოქალაქეების მიმართ თუ ოპოზიცია არ იქნება ერთიანი. მხოლოდ ერთიანი, რეალურად მებრძოლი ოპოზიციური ძალების გაერთიანების შემთხვევაშია შესაძლებელი არსებული რეჟიმის დამარცხება და სამართლიანობის მოპოვება ქვეყანაში", - ნათქვამია პარტიის მთავარი საბჭოს განცხადებაში.