ახმეტის მე-3 საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა პირველი კლასის მოსწავლე დასჯის მიზნით, საკლასო ოთახში ჩაკეტა. გაკვეთილების დასრულების შემდეგ მასწავლებელს მოსწავლე დაავიწყდა. ბავშვი სკოლის დამლაგებელმა იპოვა. მოზარდი ავად იყო, თუმცა ის საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და ადგილზე მოასულიერეს.
ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს მე-3 საჯარო სკოლიდან სანდო წყარომ მიაწოდა. პირველი კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნული ფაქტი ანონიმურობის დაცვის პირობით დაადასტურა. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია იმ მასწავლებლის ვონაობაც, რომელმაც მოსწავლე საკლასო ოთახში დაამწყვდია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამ საკითხზე კომენტარისთვის დაუკავშირდა სკოლის ადმინისტრაციას და ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სადაც კომენტარი არ გააკეთეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რესურსცენტრის უფროსს ბელა მარუქაშვილს კითხვები sms-ითაც გაუგზავნა, მაგრამ უშედეგოდ.
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, დაზარალებული ბავშვის მშობლები სკოლიდან მასწავლებლის გათავისუფლებას ითხოვენ, რესურსცენტრის უფროსის მითითებით კი პედაგოგი მხოლოდ უფასო შვებულებაში გაუშვეს.
ცნობისათვის, მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსი იარაჯულის მეუღლეა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის გამგებელს კობა მაისურაძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. „პირველად მესმის თქვენგან", - განაცხადა გამგებელმა.