თურქეთმა სირიაში თავისი საელჩო დახურა. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საელჩო დროებითაა დახურული უსაფრთხოების მოსაზრებებით. ეს ზომა დღეს დილიდან მოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გასულ კვირას, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა სირიაში მყოფ თავის თანამოქალაქეებს დაეტოვებინათ ამ ქვეყნის ტერიტორია. საკონსულო მომსახურება სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე თურქეთის საელჩოში 22 მარტიდან შეწყდა.
სირიაში თავისი საელჩოები უკვე დახურული აქვთ: დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს კანადას, იტალიას, საფრანგეთს, ფინეთს, ესპანეთს, ბაჰრეინს, ქუვეიტს, ომანს, ყატარს, საუდის არაბეთს და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. უსაფრთხოების მოსაზრებებით თავის საელჩოს დროებით დახურვის შესახებ განცხადება ადრე ასევე იაპონიამ გააკეთა.
გაეროს მონაცემებით სირიაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა. ახალი დაღუპულების შესახებ კი ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება.