26 მარტს, 13:00 სათზე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომელიც სააღსრულებო და გადახდისუუნარობის პროცედურებისა და ვადების შემცირებას შეეხება.
ბიუროს ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ტრადიციულად ხანგრძლივი სააღსრულებო და გადახდისუუნარობის პროცედურები და ვადები საგრძნობლად შემცირდა. შედეგად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქართველოს მოქალაქეები საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენას მნიშვნელოვნად სწრაფად შეძლებენ.
სააღსრულებო საქმიანობაში შემცირდა როგორც განსაზღვრული მოქმედებების განხორციელების ვადები, ასევე სააღსრულებო პროცედურების ოდენობაც, რომელიც გარკვეული მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებდა. ცვლილებები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ვადები; მეურვის არჩევა; კრების ჩატარების ვადები; მეურვის, კრედიტორებისა და მოვალის წარმომადგენელი პირის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის ვადები; მოვალისადმი კუთვნილი იმ ქონების ადგილსამყოფელის მოძიება, რომლის მოვალისადმი კუთვნილება დოკუმენტურად დასტურდება, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი უცნობია; მისი განკარგვა; გაკოტრების მმართველის არჩევა და დანიშვნა; სამეურვეო ქონების აუქციონით გაყიდვა და აუქციონის ჩატარების წესები; საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მის კუთვნილებაში აღმოჩენილი ქონების განკარგვა.
გადახდისუუნარობის საქმისწარმოების კანონში შეტანილი ცვლილებებით გაჭიანურებული პროცედურები უფრო შემჭიდროვებულ ვადებში ხორციელდება და კრედიტორების ინტერესების დაკმაყოფილება საგრძნობლად სწრაფად და ეფექტურად გახდა შესაძლებელი.