ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენის უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქართული კათედრა გაიხსნა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.
ლეიდენის უნივერსიტეტში ქართული კათედრის გახსნის მთავარ მიზანს სტუდენტებში, პროფესორ-მასწავლებლებში და ასევე, ნიდერლანდების სამთავრობო და ბიზნეს წრეებში საქართველოს შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
23-25 მარტს ჰოლანდიაში ასევე ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი `იბერია" იმართება. ფესტივალი ჰოლანდიაში ფონდ `არტეკოს" ინიციატივით უკვე მესამედ იმართება და წელს მისი სლოგანია `საქართველო: ადგილობრივი დრო".
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული პოლიფონიური სიმღერა ანსამბლ `რუსთავის" შესრულებით, ასევე გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, მხატვრობა, მსურველებისთვის კი ჩატარდება პოლიფონიური სიმღერისა და დოლზე დაკვრის შემსწავლელი გაკვეთილები.
ანსამბლი `რუსთავი" კონცერტებს ჰოლანდიის სამ ქალაქში გამართავს, ქართველ მხატვართა და ფოტოხელოვანთა გამოფენები კი ქ.ლეიდენის ოთხ სხვადასხვა საგამოფენო დარბაზში მოეწყობა.
სხვა მხატვართა და ფოტოხელოვანთა შორის, რომლებიც არიან მაკა მეძმარიაშვილი, იური მეჩითოვი, ლელი ბლაგონრავოვა და მადონა ბურჯანაძე, გამოფენაზე წარმოდგენლი იქნება ახალგაზრდა, ნიჭიერი და აწგარდაცვლილი მხატვრის პაატა ყუფარაძის ნამუშევართა ექსპოზიცია სახელწოდებით `ფერთა ზეიმი". აღსანიშნავია, რომ საფესტივალოდ პაატა ყუფარაძის ნამუშევრები უშუალოდ საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით მომზადდა. ქალბატონ სანდრასვე ინიციატივით, პაატა ყუფარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა 2011 წელს თბილისში გაიმართა.
ფესტივალის გახსნას ქ.ლეიდენი უმასპინძლებს, ღონისძიებები კეუკენჰოფის ტიტების ბაღში გაგრძელდება და 25 მარტს კუნძულ ტექსელზე ანსამბლ `რუსთავის" კონცერტით დასრულდება. კეუკენჰოფში, ყოფილ სამეფო ბოტანიკური ბაღში, ყოველ გაზაფხულზე ღია ცის ქვეშ ყვავილების გამოფენა იმართება. წლევანდელი საგამოფენო სეზონის გახსნა ფესტივალის დღეებს ემთხვევა, ანსამბლ `რუსთავს" კი პატივი ხვდა წილად, რომ ამ საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღოს.