თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი აკრძალული საქონლის ნუსხა მცირდება. ამასთან დაკავშირებით, ცვლილება "საქართველოს საგადასახადო კოდექსში და "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" კანონში შედის, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტით, ნაცვლად დღეს არსებული ნორმისა, რომლის მიხედვითაც, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ყველა სახის აქციზური საქონლის შეტანაა აკრძალული, აიკრძალება მხოლოდ თამბაქოს ნაწარმისა და თამბაქოს ნედლეულის შეტანა.
იცვლება ასევე დაბეგვრის რეჟიმი. კერძოდ, აღარ იარსებებს საერთაშორისო საწარმოს დეფინიცია და თიზში არსებული ყველა საწარმო ისარგებლებს შეღავათებით. ამასთანავე თიზ-ის საწარმო საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების და მათგან საქონლის მიღების შემთხვევაში დაიბეგრება საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის 4% - იანი განაკვეთით.
როგორც ინიციატორები აცხადებენ, ცვლილებების მიზანია ინვესტორების ხელშეწყობა. კანონპროექტის ავტორი ფინანსტა სამინისტროა.