ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის პროფსასწავლებლების ვაუჩერების დარიგებას მთავრობა 5 აპრილიდან დაიწყებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, ამ დროისათვის პროგრამის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ 1000-ლარიან ვაუჩერებს პირველ რიგში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მიიღებს. აღნიშნული პროცესები 5 აპრილისთვის დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გამარტებით ბაზაში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია ათასამდე მსურველი, რომელსაც სხვადასხვა დამატებითი პროფესიის შესწავლა სურს.
"ჯერჯერობით განაცხადების მიღება წარმოებს თბილისში, ქობულეთსა და ქუთაისში. ხოლო უახლოეს პერიოდში დაემატება თელავი, ახალციხე და ზუგდიდი", - განაცხადა გილაურმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ დროისთვის მოთხოვნა ძირითადად 4 პროფესიაზეა. ეს არის მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც პროგრამაში ჩართვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, მათ საშუალება მიეცემათ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და ახალი პროფესიები 15 პროფსასწავლებელში შეიძინონ.
როგორც გილაურმა განაცხადა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სწავლის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან 100 პროცენტით მოხდება, ხოლო რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს, მათ სწავლას მთავრობა მხოლოდ 70 პროცენტით დააფინანსებს და თუკი მოქალაქეს სურვილი აქვს, რომ მისი სწავლა მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსოს, მაშინ მას გამოცდის ჩაბარება მოუწევს და მაღალი ქულების შემთხვევაში 100-პროცენტიან დაფინანსებასაც მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროფესიულ სასწავლებლებში 1-ლი მაისიდან დაიწყება სწავლის პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი წლის მეორე ნახევრიდან განხორციელდება.