"საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით აგორებული ისტერია რუსეთის ეფ-ეს-ბე-შია დაგეგმილი", -
ამის შესახებ ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ვინც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგება, რუსეთის მიერ დაქირავებული პოლიტიკოსები არიან.
"საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით აგორებული ისტერია რუსეთის ეფ-ეს-ბე-შია დაგეგმილი და დამანგრეველია, ეს არის საკითხის პოლიტიზება. მომავალ 5 წელიწადში თუ მკაფიოდ არ განვსაზღვრეთ, რა ელოდება ჩვენს ეკონომიკასა და ენერგეტიკას, რა რესურსები გვჭირდება, რა ოდენობის ელექტრტოენერგია გვჭირდება, მაშინ დავბრუნდებით 90-იანი წლების მდგომარეობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გადარჩენა ქვეყნისთვის და სეგმენტი, რომელიც უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, ამას ადასტურებს ჯანსაღად მოაზროვნე ესქპერტი, სამინისტროს მონაცემები, მსოფლიო თანამეგობვრობა და ხელისუფლება", - განაცხადა თორთლაძემ.
შეხვედრაზე ხეთაგურმა განაცხადა, რომ საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უკვე დაწყებულია და 10 სადგურის მშენებლობის დაწყება იგეგმება. მისი თქმით, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 10 %-ით იზრდება.