საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ, გრიგოლ ვაშაძესა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ, ფილიპ ლეფორს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებული ძირითადი საკითხები, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება. ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით პროგრესის დაფიქსირების აუცილებლობას.