ამერიკელ ჯარისკაცს, რომელმაც მშვიდობიანი ავღანელები დახოცა, 17 ადამიანის მკვლელობასა და კიდეც 6 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალი ოფიციალურად წაეყენება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდონბით ავრცელებს.
ინიციდენტი, რომლის დროსაც ამერიკელმა ჯარისკაცმა ყანდაღარის ერთ- ერთ სოფელში მშვიდობიანი ავღანელები დახოცა 11 მარტს მოხდა.
სულ გამოძიების ინფორმაციით, სერჟანტმა ბეილსმა ცხრა ბავშვი და რვა ზრდასრული ადამიანი მოკლა.
38 წლის სერჟანტი ამჟამად კანზასის შტატში ფორტ ლევენვორტის ციხეში ერთადგილიან კამერაში იმყოფება. თავად იგი აცხადებს, რომ მომხდარი არ ახსოვს და ბრალსაც არ აღიარებს. სერჟანტი ბეილსი ამ საქმეში ერთადერთი ეჭვმიტანილია, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დახვრეტაში სხვა ამერიკელი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბეილსის ადვოკატი ჯონ ბრაუნი აცხადებს, რომ გამოძიებას სერჟანტის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები არ აქვს. ბრაუნი ასევე უარყოფს იმას, რომ ინციდენტის დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
როგორც აღმოჩნდა, რობერტ ბეილსს კანონთან პრობლემა ადრეც ჰქონდა. ადრე მას ბრალად ედებოდა ადამიანის ცემა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობა. ორივე შემთხვევაში ბეილსმა ჯარიმა გადაიხადა და საკუთარი აგრესიული საქციელის გამო ფსიქოლოგიური კურსები გაიარა.
ცნობილია ასევე ისიც, რომ მას ფინანსური სიძნელეებიც ჰქონდა. პენტაგონის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ბეილსი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ. მსგავსმა სასამართლო პროცესმა შესაძლოა წლების განმავლობაში გასტანოს.
აღსანიშნავია ასევე, რომ მას შემდეგ რას ბეილსმა 17 ადამიანი დახოცა, მოძრაობა "თალიბანმა" აშშ-სთან ყველანაირი მოლაპარაკებები შეწყვიტა.