მოძრაობის "7 ნოემბერის" წევრმა დაჩი ცაგურიამ "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრს თეა თუთბერიძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. დაჩი ცაგურიამ ეს განცხადება დღეს ახალი მოძრაობის დაფუძნების ცერემონიალზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახალი მოძრაობა "დაიცავი საკუთარი ღირსება" დღეს შეიქმნა.
ცაგურია თავისუფლების ინსტიტუტის წარმიომადგენელს თეა თუთბერიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "მან პასუხი აუცილებლად უნდა აგოს"
აღნიშნული მოძრაობის ინიციატორები "ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ანდრიაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, მოძრაობა "7 ნოემბერი" და ორგანიზაცია "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" არიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრის თეა თუთბერიძის მიერ საქართველოს პატრიარქის დისკრედიტაციისკენ მიმართული ვიდეომასალა განთავსდა. 18 ოქტომბერს კი ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" სპეციალური რეპორტაჟი გადაიცა, რომელშიც თუთბერიძე აცხადებს, "პატრიარქი ღმერთი არ არის და თუ პრეზიდენტზე, რომის პაპსა და სხვა საჯარო პირებზე შეიძლება უხამსი კლიპების გაკეთება, ვინ არის საქართველოს პატრიარქი, რომ მასზე იგივეს გაკეთება არ შეიძლებოდეს?!". იმავე რეპორტაჟის მიხედვით, თუთბერიძე უახლეს მომავალში ინტერნეტში პატრიარქთან დაკავშირებით სხვა ვიდეო-მასალის განთავსებასაც გეგმავს.