22 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა კონფერენცია - "პოლონეთი-საქართველო: პარტნიორობის 20 წელი".
კონფერენცი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე, სამომავლო გეგმებზე.
"პოლონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან დაამყარა საუკეთესო ურთიერთობები, რაც უკვე 20 წელია გრძელდება. ბოლო პერიოდში თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. თსუ-ში ისწავლება პოლონეთის ისტორია, ენა და კულტურა. სულ უფრო მეტი სტუდენტი მიდის საქართველოდან პოლონეთში სასწავლებლად, რაც მეტად აახლოებს ჩვენ ქვეყნებს",- განაცხადა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ურშულა დოროშევსკამ.
როგორც თსუ-ის რექტორის მოადგილემ ავთანდილ ჩუთლაშვილმა აღნიშნა, „პოლონეთი არის საქართველოს ერთ-ერთი სერიოზული და სტრატეგიული პარტნიორი ევროპაში და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების მეგობრობა. ქართულ-ევროპული ურთიერთობები მხოლოდ 20 წელს არ მოიცავს, ის უფრო სიღრმისეულია. მომავალს რაც შეეხება, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური ხდება და ახალ ეტაპზე გადადის."
კონფერენციას კონფერენცია - „პოლონეთი-საქართველო: პარტნიორობის 20 წელი" ესწრებოდნენ თსუ-ის რექტორის მოადგილე ავთანდილ ჩუთლაშვილი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა, პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხალ შჩევბა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, ასევე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.