გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში 16 წლის გოგონა დაიღუპა. საავადმყოფოს მენეჯერის მარინა ნაცაურის თქმით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექცია გახდა.
„ბავშვი ჩვენთან 11:30 საათზე შემოიყვანეს. უმძიმეს მდგომარეობაში, წნევა არ ეზომებოდა, სუნთქვის უკმარისობა იყო. დაუყოვნებლივ იქნა რეანიმაციაში შეყვანილი. ბავშვს მალევე დასჭირდა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, წნევა მაინც არ იყო და გული გაჩერდა. რეანიმაციული ღონისძიებები ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ გულის მუშაობა ვერ აღდგა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა მარინა ნაცაურმა.
მისივე თქმით, ბავშვს მშობლები საქართველოში არ ჰყავს და საავადმყოფოში ახლობელმა მიიყვანა.
„ვინც მოიყვანა იმან გვითხრა, რომ 3 დღის წინ, სოფელში პედიატრმა გასინჯა, მაღალი სიცხეებით დადიოდა ბავშვი 10 დღის განმავლობაში. უჭირდა სუნთქვაც. ზუსტად რამ გამოიწვია სიკვდილი, შევისწავლით. სავარაუდოდ, ვირუსული ინფექცია იყო", - აღნიშნა ნაცაურმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვერ დაუკავშირდა სოფელ ჭანდრის საექიმო ამბულატორიის ექიმს, რომელმაც გოგონა გასინჯა და მკურნალობა დაუნიშნა.
გოგონა სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლაში სწავლობდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის ორშაბათიდან გაკვეთილებს აცდენდა. „კლასის დამრიგებელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ვირუსი ჰქონდა. ძალიან ბევრ ბავშვს აქვს ვირუსი", - აღნიშნა სკოლის დირექტორმა მანანა მჭედლიშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში, რამდენიმე დღის წინ, 25 წლის მამაკაციც გარდაიცვალა.