დღეს 12.00 საათზე თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც თბილისის ავტობუსების კონტროლიორების მხრიდან მოქალაქეების მიმართ პატივის და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით ფრაქციის და პირადად მის სახელზე ბოლო თვეების მანძილზე შემოსულია ათეულობით განცხადება, რომელშიც მოქალაქეები კონტროლიორების საქმიანობაზე მკაცრი მონიტორინგის დაწესებას ითხოვენ.
"ქრისტიან-დემოკრატები მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ მან გაამკაცროს ზედამხედველობა ავტობუსების კონტროლიორების საქმიანობაზე და აღკვეთოს მათი მხრიდან მოქალაქეების უფლებაშემლახავი ქმედებები. წინააღმდეგ შემთხევვაში, ჩვენ თითოეული კანონდამრღვევი კონტროლიორის წინააღმდეგ სასამართლოში შევიტანთ სარჩელს მოქალაქეების პატივის და ღირსების შელახვის გამო", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ამასთან, ზაზა გაბუნიას თქმით "ქრისტიან-დემოკრატები" თავადაც დაიწყებენ კონტროლიორების საქმიანობის მონიტორინგს და მოახდენენ კანონდარღვევითი შემთხვევების დაფიქსირებას.