„ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა და ამიერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნული ბრძანებულება ნიკა რურუამ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად გამოსცა.
"ქვევრის ღვინის ტრადიციულ ქართულ მეთოდს" მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ქვევრის ღვინის შექმნის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი, მეცნიერულად დადასტურებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგია. საქართველო უკვე მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია, როგორც ღვინის უძველესი ქვეყანა, სადაც ღვინის თემას უკავშირდება ღვინის დამზადების უძველესი ტექნოლოგია და მასთან დაკავშირებული 8000 წლის ისტორიული ტრადიციები. 2003 წელს იუნესკომ მიიღო კონვენცია "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ". საქართველო ამ კონვენციას 2007 წელს შეუერთდა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშები, კერძოდ ქართული ფოლკლორი, ჯერ კიდევ ამ კონვენციის შექმნამდე ითვლებოდა მსოფლიო დონის შედევრად.
შეგახსენებთ, რომ ქვევრს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი უკვე მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება უკვე ძალაშია. ბრძანებულებაში წერია, რომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვროს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს - ქვევრს.
მასალის გამოყენების პირობები