დღეს, 22 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჭიჭინაძე და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს კახეთის განვითარების გეგმას დეტალურად გააცნობენ. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენლი იქნება უკანასკნელ წლებში, კახეთის რეგიონში განხორციელებული ძეგლთა სარეაბილიტაციო პროექტები.
სუვენირების მაღაზიები, ტურისტული ბილიკები, პარკინგები, კაფეები, საინფორმაციო სივრცეები და სველი წერტილები - კახეთის ისტორიულ ძეგლებზე თანამედროვე და ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც მასშტაბურ სამშენებლო პროცესებს საფუძვლად დაედება, ახლადაღდენილი ისტორიული ძეგლების მხატვრული ღირებულების, ლანდშაფტებისა და რელიეფების გათვალისწინებთ, უკვე მომზადებულია.
ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, ბოდბეს მონასტერი, დავით გარეჯის ლავრა, იყალთოს აკადემია, ნინოწმინდას დედათა მონასტერი, გურჯაანის ყველაწმინდა, ხირსისი მამათა მონასტერი, უჯარმის ციხე, თელავში ბატონის სასახლე და ისტორიული დართლო - საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახლდება და ადგილზე მოეწყობა ძეგლის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რეგიონალური განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სარესტავრაციო-სარეკოსტრუქციო სამუშაო განხორციელდება ერეკლე ბატონიშვილის სასახლესა და მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა ნაგებობებში: განახლდება სასახლე, ადმინისტრაციის შენობა, გალერეა, ბატონის ციხის კომპლექსში შემავალი ყველაზე ადრეული ეკლესია და ერეკლე II-ის კარის ეკლესია, ტერასა, აბანო, გალავანი და საჯარო სკოლა. აშენდება ახალი მუზეუმი, მოეწყობა „პარკი ლაბირინთი", დეკორატიული აუზი და სველი წერტილები.
კახეთის რეგიონში უკანასკნელ წლებში მუზეუმების დაცვისა და განვითარების მიზნით, თანამედროვე სტანდარტებით განახლდა და რეგიონის ტურისტული მარშუტის განუყოფელი ნაწილია - წინანდალში ალექსანდე ჭავჭავძის, გურჯაანში ნატო ვაჩნაძის, ყვარელში ილია ჭავაჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. მირზაანში ფიროსმანის მუზეუმი და სიღნაღსა და გრემში ახლადშექმნილი მუზეუმები.
კახეთის განვითარებისთვის აღდგება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება თელავის ისტორიულ ნაწილში შემავალ 150-მდე არქიტექტურულ ნაგებობას. თბილისის, მცხეთის, სიღნაღის, ქუთაისისა და ბათუმის მერე თელავი კიდევ ერთი ქალაქი იქნება რომლის უძველესი ურბანული ქსოვილი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.