წელს პირველად საქართველო რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალ "NATALE DI ROMA"-ში მიიღებს მონაწილეობას.
"NATALE DI ROMA"-ზე საქართველოს , ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები" წარადგენს, რომელმაც იტალიიდან მიწვევა უკვე მიიღო. ფესტივალი რომში 20-22 აპრილს გაიმართება
როგორც "შავფაროსნების" პრეზიდენტი ირაკლი ქოქოსაძე აღნიშნავს, "NATALE DI ROMA"-ზე იმ ქვეყნებს იწვევენ, რომლებთანაც რომის იმპერიას სხვადასხვა დროს გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა.
"ფესტივალის მიმდინარეობისას რომის ცენტრალური ქუჩები იკეტება და მასშტაბური მსვლელობები ეწყობა. ანტიკური ეპოქა ცოცხლდება და ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა თავის კულტურას წარადგენს. საქართველოსა და რომის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დღემდე ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. მეტიც, კოლიზეუმზე გამოკრულ რუკაზე საქართველო საერთოდ ნახსენები არაა და ჩვენს ტერიტორიას სომხეთი აწერია. "შავფაროსნების" ამ ფესტივალში მინაწილეობა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია. მათ ჩვენს ქვეყნას გავცნობთ და რუკაზედაც ღირსეულ ადგილს დავიბრუნებთ",_აღნიშნავს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტი.
144 წელს რომის იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა იბერიის მეფე ფარსმან II ოჯახითურთ რომში მიიწვია. ქართველებს იქ პომპეზური ღონისძიებით დახვდნენ. ფარსმანის ამალამ კოლისეუმში მხედრული ჯირითი მოაწყო. ქართველთა მეფისა და მხედრების ჯირითით რომაელები იმდენად მოიხიბლნენ, რომ იმპერატორმა რომში, მარსის მინდორზე, ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკებაც კი დადგმევინა. აღნიშნული ვიზიტის დროს რომის და იბერიის მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რის შემდეგაც რომმა კავკასიაში იბერიის ჰეგემონია ცნო.