გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტები ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი 2011 წლის 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ.
მათ მოთხოვნას დღეს „სახალხო კრების", დემოკრატიული მოძრაობის" და სხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ჟურნალისტებმა დღეს აღნიშნული მოთხოვნით გამართულ აქციაზე საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას მიმართვა გაუგზავნეს.
"საზოგადოებას დღემდე ახსოვს 26 მაისს მომხდარი შემზარავი დანაშაული, რომლის დროსაც გამოვლენილი ფუნდამენტური უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები დღემდე არ გამოძიებულა. გამოძიებული არ არის გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტების გიორგი მამაცაშვილისა და ბექა სივსივაძის მიმართ პოლიციელთა და სპეცრაზმელთა მიერ გამოვლენილი სისასტიკე და დანაშაული" - ნათქვამია მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტებზე 2011 წლის 26 მაისის შემდეგ გამოძიება არ ჩატარებულა და ამ კუთხით არც არავინ დაკითხულა.
„დემოკრატიული მოძრაობა" კატეგორიულად კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა, მით უფრო ჯანმრთელობისა და ღირსების შელახვის ფაქტები.
„დემოკრატიული მოძრაობა" აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი გაკეთდება 26 მაისის ტრაგედიის ყოველმხრივი ობიექტური გამოძიების მიზნით და სრულად იქნება უზრუნველყოფილი ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლება.