ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოს ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხმელ ფოთლებსა და ძირნაყარ შეშას უკიდია. ადგილზე მობილიზებულია ახმეტის სახანძრო - სამაშველო ბრიგადა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ხელს ქარი უშლის.
„ხანძარი ტყეში გუშინაც გაჩნდა და 2 ჰექტარზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობა გვიან ღამით მოვახერხეთ და ტყე დაწვას გადავარჩინეთ. ცეცხლი ტყეში დღესაც გაღვივდა და ახლა მის ლოკალიზებას ვცდილობთ. მდგომარეობას ისიც ართულებს რომ ქარია და ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს. ბოლო ერთი კვირაა რაიონში ძალიან ბევრი გამოძახება გვაქვს. დღეს ხანძარი სოფელ მატანის სასაფლაოს ტერიტორიაზეც გაჩნდა, რის შედეგადაც 4 ფიჭვის ხე დაიწვა. მოსახლეობის დაუდევრობით იწვება მინდვრებიც", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ბესიკ ნასიპაშვილმა.