თბილისის მერიაში დასუფთავების გადასახადის კოეფიციენტის გადახედვაზე მსჯელობენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ბალავაძემ NDI-ის კვლევების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 72% მთავარ ადგილობრივ პრობლემად, დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმას ასახელებს.
ბალავაძის თქმით, მოსახლეობის ამ წუხილზე ხელისუფლებისთვის ცნობილია, თუმცა ეს გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტში ყველაზე მარტივად და სამართლიანად იქნა მიჩნეული.
"თბილისის დასუფთავების პრობლემა მოსაგვარებელი იყო, რაც მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა და ჩაითვალა, რომ ეს ყველაზე მარტივი და სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. წუხილი რომ არის ამაზე, გასაგებია და ამიტომ თბილისის მერიაში მუშაობენ ფორმულაზე, თუ რანაირად შეიძლება ამ ფორმულაში კოეფიციენტების შეტანა. მაგალითისთვის, სეზონურად სხვა კოეფიციენტი რომ იყოს. ფაქტია, რომ ეს გადასახადი მტკივნეულია ერთი ნაწილისთვის, ზოგი კი არსებული ფორმულით ნაკლებს იხდის. ამ ეტაპზე რაიმე ფორმულა არ არსებობს, თუმცა მიდის მსჯელობა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისთვისაც ეს გადასახადი რთულია, ასე არ დააწვეს", - აღნიშნა ბალავაძემ.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.