„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი გორში 10 წლის გუკა საბიაშვილის ოჯახს ესტუმრნენ. გუკა საბიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. დეპუტატებმა გუკას ოჯახს გააცნეს იმ შეთანხმების შესახებ, რომელსაც გუშინ პრემიერთან დებატების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატებმა მიაღწიეს. კერძოდ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს 5-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დაზღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ გუკა სექტემბრიდან სადაზღვეო პოლისს მიიღებს.
„ჩვენ მივიღეთ ოფიციალური დასტური პრემიერისგან, რომ სექტემბრიდან სახელმწიფო დააზღვევს ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა დროულად მიიღონ სადაზღვეო პოლისები და დაზღვევამ უზრუნველყოს მათი საჭიროებების ანაზღაურება" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
ჯანდაცვის და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტის მიზნით, დღესვე გიორგი თარგამაძე და მაგდა ანიკაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს 15.00 საათზე შეხვდებიან.