საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჯარო სკოლის მოსწავლეებს კომისიის საქმიანობას აცნობს.
"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, უფროსკლასელებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, დეპარტამენტის უფროსებს. მათგან მოისმინონ უახლესი ინფორმაციები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შესახებ. "ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ კომისიის გამჭვირვალე და კანონქვემდებარე საქმიანობაზე. ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში, იღებენ დეტალურ ინფორმაციას კომისიის ფუნქციებისა და როლის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე ეცნობიან კომისიის სამომავლო პროექტებს, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას. უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის სწორად ინფორმირებულობა, რადგანაც სწორი ინფორმაცია წარმოშობს ჯანსაღ აზრსა და შეხედულებებს", - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი.
სემეკი-ის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი-ს ინფორმაციით, კომისია თანამშრომლობს რამდენიმე უნივერსიტეტთან და უზრუნველყოფს მომავალი თაობის გადამზადებას კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში.
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2010 წლის სექტემბრიდან ახორციელებს სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას, რომელიც ინიცირებულია ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.
პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში, გააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. იმერეთის რეგიონის მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაში 125 საჯარო სკოლაა ჩართული. პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სასწავლო/ჯგუფური ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებში და მედია სამსახურებში.