ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტური კონკურსების პრეზენტაცია გაიმართა.
ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს საშაულება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სამი სახის კონკურსში: სტუდენტური ინოვაციების კონკურსი, სტუდენტური ნაშრომების კონკურსი და საერთაშორისო კონკურსი Microsoft Imagine Cup.
პირველი ორი კონკურსის ინიციატორი თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტია. მათი მიზანია კრეატიული სტუდენტების წახალისება და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა. "მსგავსი კონკურსები ფაკულტეტზე პირველად ტარდება. ნაშრომების შესაფასებლად შეიქმნება სპეციალური დარგობრივი კომისია. სტუდენტური ნაშრომები დაიდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე და ის საჯარო იქნება. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს საკუთარი ნაშრომები და შესაძლებლობები ფართო საზოგადოებას გააცნონ. სტუდენტები თსუ-ისგან წამახალისებელ პრიზებსაც მიიღებენ" - განაცხადა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა რამაზ ბოჭორიშვილმა.
ფაკულტეტის სტუდენტებს ასევე შეუძლიათ მონაწილოება მიიღონ საერთაშორისო კონკურსში Microsoft Imagine Cup. Imagine Cup არის კორპორაცია მაიკროსოფტის მიერ ორგანიზებული ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო IT კონკურსი, რომელიც მიმართულია ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზით, ურთულესი გლობალური პრობლემების მოგვარებაზე. მხოლოდ 2011 წელს მასში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტი ქვეყნის 325 000 სტუდენტმა. საქართველო წელს პირველად ჩაერთო Imagine Cup-ის საერთაშორისო კონკურსში. მისი პირველი, რეგიონალური ეტაპი ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით, სადაც გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელიც 2012 წლის ივლისში, გაემგზავრება სიდნეიში მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად.
თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სტუდენტებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი. სტუდენტური ნაშრომებით შეიძლება სხვადასხვა კომპანიები დაინტერესდნენ, რაც სტუდენტების მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის",- აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა სტუდენტური კონკურსების პრეზენტაციაზე.