დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არტ-ცენტრ "ტიფლის-ავენიუში" აქცია-გამოფენა "21 მარტი" გაიმართება.
როგორც "გაეროს სახლში აცხადებენ, აცნობეს, აქციის მიზანია, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და მათი კეთილდღეობისთვის საზოგადოების ინფორმირება და მხარდაჭერა.
აქციის ფარგლებში იგეგმება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების პორტრეტული ფოტოების გამოფენა; ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; საინფორმაციო ბუკლეტებისა და სარეკლამო მასალების (ფლაერები, სამკერდე ნიშნები შესაბამისი სიმბოლიკით) გავრცელება. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. კერძოდ, საბავშვო ფურშეტი, მასტერ-კლასი ხატვის ხელოვნებაში, თამაშები ანიმატორთან ერთად, ანთებული ფარნების გაშვება.
აქცია-გამოფენის ორგანიზატორები არიან ასოციაცია "ერთად" და არტ-ცენტრი "ტიფლის-ავენიუ", "მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელი", "ფოტოსამყარო", კომპანია "ბორჯომი", "გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი" და "გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტი/გაეროს ოფისი".
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 2006 წლიდან აღნიშნება. 21 მარტს გაეროს შტაბბინაში, ნიუ-იორკში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია - "ჩვენი მომავლის შენება" - გაიმართება.